რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთს უკრაინის მეორედ გაყოფის საშუალებას არ მივცემთ, სადაც მეორეა, იქაც მესამეა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რუსეთს მისი ტერიტორიის გაყოფის მეორე მცდელობის საშუალებას არ მისცემს, რადგან უკრაინელები რუსეთს იცნობენ და "სადაც მეორეა, იქაც მესამეა", ხოლო ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს. 

ზელენსკის თქმით, პუტინს ახლა სურს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთისა და ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის სრული ოკუპაცია აპატიონ.

ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვის დროს ილაპარაკა. 

"პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა მათ დაუსხლტეს, მას სურს, ომში, მკვლელობებში პაუზა ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზებაზე გაცვალოს. სურს, რომ უკვე მეორე ჯერზე მოიპოვოს ტერიტორიული ნადავლი. 

მას ყირიმის წაღების საშუალება მისცეს, ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია გამოიწვია. მას არ მიუღია პრევენციული სასჯელი, როდესაც ჩვენს საზღვარზე სამხედრო კონტინტენტი განალაგა - ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია. 

ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთის, ლუგანსკის, დონეცკის ოლქისა და ყირიმის სრული ტერიტორიის წართმევა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობის საშუალებას ჩვენ რუსეთს არ მივცემთ. ვიცით რუსეთი - სადაც მეორეა, იქაც მესამეა. ამიტომ, მტკიცედ ვდგავართ მკაფიო უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების სანდო და მკაფიო არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული. პარტნიორები მზად არიან, ამაში დაგვეხმარონ". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი ცდილობს, "სიკვდილის დასასრული მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს". 

"მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობების პაუზა, არამედ რეალური გამძლე მშვიდობა. ცეცხლის შეწყვეტა არა როდესმე მაშინ, თვეებში, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტმა ტრამპმა მე ასე მითხრა და მე ამას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ". - თქვა ზელენსკიმ. 

ქვეყნის პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინამ თებერვლიდან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "ყველა წინადადებას დაუჭირა მხარი"

"რუსულ მხარესთან შეხვედრა ჩვენ უზრუნველვყავით და უზრუნველვყავით კონსტრუქციულად, შევასრულეთ გაცვლები და მომდევნოს ვამზადებთ. უკვე მეტი გაგებაა სიებთან დაკავშირებით. იმედებს ვამყარებთ შედეგზე. ასევე საჭიროა შედეგები ლიდერების დონეზე - ღირსეული შედეგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეებს გადაარჩენს, რათა მსოფლიო აფასებდეს შედეგს და მადლიერი იყოს ლიდერის, რომელიც მას მოიტანს". - თქვა ზელენსკიმ. 

მანამდე, ლონდონის მახლობლად უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ევროკავშირის, NATO-ს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ფინეთის წარმომადგენლებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს

შეხვედრაში, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, ააშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდგომ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში პუტინს შეხვდება.  

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ" და "ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა". 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასევე დაწერა, რომ უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

ცნობისთვის, გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რომელიც დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლასა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვას ითვალისწინებდა. 

მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი წინადადება წარუდგინეს.

WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან. ამასთან, ევროპული წინადადებით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო

გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.

WSJ-ის მიხედვით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე ღირებული არ იქნება. 

კომენტარები