სკინტლიანი რძე

ჩირინა: სააპელაციომ სკინტლიან რძესთან დაკავშირებით ჩვენი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

კომპანია ჩირინას განცხადებით, სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა - მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია "ჩირინას“ საჩივარი, შედეგად:

სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც "ჩირინას“ აკისრებდა "ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას;

ამასთან, კომპანიის ცნობითვე, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი - უნდა აუნაზღაუროს.

"კომპანია "ჩირინა“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს" - წერია კომპანიის განცხადებაში.

"საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ "ჩირინამ“ "ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ "ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან "ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ამასაც გააუქმებს. დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და ამ გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში გავასაჩივრებთ“- ამბობს რევაზ ვაშაკიძე, "ჩირინას“ დამფუძნებელი, კომპანიის პრესსამსახურის ცნობით.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. ასევე გაირკვა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და  რძის ლაბორატორიას. 

გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ერთი წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში ჩირინას ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის საჩივარი დააკმაყოფილა - ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა.

ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ ჩირინას დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად “ყვარლის ბაგის” ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს.

“ჩირინას” მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა.

 

კომენტარები