გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 8 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი თეთრ სახლში შეხვდებიან.
"რამდენიმე წყარო მიდასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ამ კვირაში ვაშინგტონში გამოაცხადონ, რომ მშვიდობას განიზრახავენ.
როგორც წყაროები მეუბნებიან, მოსალოდნელია, რომ ტრამპი როგორც ნიკოლ ფაშინიანს, ისევე ილჰამ ალიევს თეთრ სახლში პარასკევს უმასპინძლებს". - წერს რაუფოღლუ.
როგორც რადიო თავისუფლების ინგლისურენოვანი სამსახური წერს, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას უახლოვდებიან, თუმცა პრობლემური რჩება სომხეთის კონსტიტუციის პუნქტი, რომლის ცვლილებასაც ალიევი ითხოვდა. კონსტიტუციის ერთ-ერთ პუნქტში ნახსენებია მთიან ყარაბაღთან "გაერთიანება". სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებდა, რომ მზადაა ამ ჩანაწერის ცვლილებისთვის. თუმცა, RFE/RL-ს გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერევანში უმრავლესობა კონსტიტუციის ცვლილების წინააღმდეგია.
2024 წლის აპრილში სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. პროცესი ტავუშის პროვინციიდან დაიწყო. აქ სომხეთი აკონტროლებდა 4 სოფელს, რომლებიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შედიოდა. სოფლები ერევანმა ბაქოს დაუბრუნა. ამ პროცესს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებს ტავუშელი მთავარეპისკოპოსი უძღვებოდა.
ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომლის შესრულებასაც ბაქო რამდენიმე წელია ითხოვს, ითვალისწინებდა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დაკავშირებას. გზა სომხეთის სიუნიქისა და ირანის საზღვარზე უნდა გასულიყო. აზერბაიჯანს სურდა, რომ ამ გზაზე სომხეთს გადატანილი ტვირთები არ გაეკონტროლებინა, რასაც ერევანში საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აღიქვამდნენ.
ზანგეზურის დერეფნის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში იმუქრებოდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი დერეფანს ძალით გაიყვანდნენ
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-მ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზა, რომ სომხეთმა ზანგეზურის დერეფანი ამერიკულ მხარეს 100-წლიანი იჯარით გადასცეს, როგორც ნეიტრალურ მესამე მხარეს.
“ისინი 32-კილომეტრიან გზაზე დაობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. ეს ათწლეულია, ჭიანურდება - 32-კილომეტრიანი გზა. [...] ასე რომ, რაც მოხდება იქნება, რომ ამერიკა იტყვის: “კარგი, ჩვენ ავიღებთ, მოგვეცით 32-კილომეტრიანი გზა ასწლიანი იჯარით და მისი გაზიარება შეგეძლებათ ყველას”. - თქვა ბარაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
14 ივლისს სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა ასეთი სცენარი გამორიცხა და თქვა, რომ სომხეთის კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარად გაცემა მხოლოდ მიწათმოქმედებისთვისა და საძოვრისთვის არის დასაშვები.
თუმცა, ფაშინიანმა რამდენიმე დღის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სომხეთის კანონმდებლობით, “ამას მშენებლობის ნებართვა ეწოდება” “და გარკვეულ პირობებში ამ მშენებლობის უფლებით მინიჭებული ინვესტიციები რჩება [სომხეთის საკუთრებაში] ან ხდება სომხეთის რესპუბლიკის საკუთრება კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ”.
მოგვიანებით, სომხეთის მმართველი პარტიის, “სამოქალაქო ხელშეკრულების” დეპუტატის, არმან ეღოიანის თქვა, რომ სომხეთის მთავრობამ უარი თქვა აშშ-ს შეთავაზებაზე, რომ სომხეთმა ზანგეზურის კორიდორი აშშ-ს იჯარით გადასცეს.





