რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მემუარები, სახელწოდებით "პატრიოტი" "ექსტრემისტული" მასალის სიაში შეიტანა.
სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ნავალნის მემუარების "ესტრემისტულად" გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ლენინგრადის საოლქო სასამართლომ 9 ივნისს მიიღო.
"ექსტრემისტულად" გამოცხადდა წიგნის რუსული გამოცემა, რომელიც ლიტვურმა გამოცემამ, One Book Publishing-მა 2024 წელს გამოაქვეყნა.
ნავალნის გუნდის წევრმა, ლეონიდ ვოლკოვმა დაწერა, რომ "პუტინს ნავალნის ეშინოდა, ეშინია და ყოველთვის ეშინება".
"ძალიან კარგი წიგნია, აუცილებლად წაიკითხეთ". - დაწერა ვოლკოვმა.
ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის თქმით, "ექსტრემისტულ" რეესტრში წიგნის შეტანა "მოსალოდნელი ქმედებაა", ხოლო პუტინს "არაფერი გამოუვა" და "ნავალნი ყოველთვის იქნება".
"დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს. ზოგადად წიგნი მსოფლიოში ყველა მაღაზიის თაროზეა და ნებისმიერ ბიბლიოთეკაშია".
ნავალნის მემუარები გასული წლის 22 ოქტომბერს, რუსულ კოლონიაში პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორ თვეში, გამოქვეყნდა. წიგნი 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი - ის ბრიტანული წიგნების ჯილდომ 2025 წელს "წლის წიგნად" დაასახელა.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავებოდა.
დაკავების შემდეგ ნავალნის დამატებითი ბრალდებები წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში მას სასჯელაღსრულების კოლონიაში პირობითი სასჯელის დარღვევისთვის 2.8 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამებისთვის გაასამართლეს. 2022 წლის მარტში ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოოდ, 2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს პატიმრობაში, რუსეთის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.





