ელ სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეამ მიიღო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვას აუქმებს, რაც ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ნაიბ ბუკელეს საშუალებას მისცემს, რომ კენჭი ხელახლა იყაროს.
ამასთან, X-ზე ასამბლეის პოსტის მიხედვით, რეფორმა პრეზიდენტის ვადას ხუთი წლიდან ექვს წლამდე გაზრდის.
60-კაციან საკანონმდებლო ასამბლეაში რეფორმას მხარი მმართველი პარტიის 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 ოპოზიციონერი დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო. ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, მარსელო ვილატოროს თქმით, "ელ სალვადორში დემოკრატია მოკვდა", ხოლო ასამბლეის თავმჯდომარემ დეპუტატებს "ისტორიის შექმნისთვის" მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბუკელემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. ელ სალვადორის კონსტიტუცია ერთი და იგივე პიროვნების საპრეზიდენტო ვადით ორჯერ არჩევას კრძალავს, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ბუკელეს ხელახლა კენჭის ყრის ნება დართო.
წინასწარი შედეგებით, ბუკელემ დათვლილი ხმების 83% მიიღო, ხოლო ხმების სულ 31% არის დათვლილი.
ელ სალვადორი უკონტროლო კრიმინალური გარემოსა და განგსტერული ბანდების მზარდი ძალაუფლების გამო, ოდესღაც ცნობილი იყო როგორც დასავლეთ ნახევარსფეროს მკვლელობის დედაქალაქი. მსოფლიოში ომის ზონის მიღმა მყოფ სახელმწიფოთა შორის მკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანაში ფიქსირდებოდა.
2022 წლის მარტში, ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიიბ ბუკელეს მიერ ბანდების წინააღმდეგ გამოცხადებული ომისა და უმკაცრესი პოლიტიკის საშუალებით ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ბუკელეს ულმობელ პოლიტიკას ბევრი უდანაშაულო მსხვერპლიც ჰყავს.
ელ სალვადორის პრეზიდენტის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში მკვლელობათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო და 2022 წლის ბოლოსთვის ყოველ 100 000 კაცზე ჰომიციდის რიცხვმა 7.8-მდე დაიწია. თუმცა, მკაცრ ზომებს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის მძიმედ გაუარესება და უდანაშაულო მსხვერპლიც მოჰყვა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მკვლელობების რიცხვის მკვეთრმა ვარდნამ, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იმ უბნებშია, რომლებსაც ადრე ბანდები აკონტროლებდნენ, მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა შეუქმნა. წარსულში განგსტერების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების საზღვრების კვეთა ახლა ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობის შიშის გარეშე შეუძლიათ.





