იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
"ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ:
პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.
მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია" - წერია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.
პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა" - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.
3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.
2023 წლის 30 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განსახილველად არ მიიღო.





