ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი: ენმ-ს ლიდერებმა დაადასტურეს, მათი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა

შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

"ნაციონალური მოძრაობის ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა - არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა არის მათი მიზანი. ეს ნაციონალური მოძრაობის ორივე ლიდერმა დაადასტურა. ამ პარტიას ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის? - უნდათ, რომ გაგვიმეორონ აქ 90-იანები ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით.

რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს საქართველო. ზუსტად ეს იყო 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ყველა ქართველის და უცხოელის მიმართ, ვინც აქ ქუჩის ომის მოწყობას გვიპირებდა. ვნახეთ ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან დეკემბერში, როდესაც ხელში მაშხალები დაიჭირეს, ტყვიამფრქვევით ესროდნენ პოლიციელებს და ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე. დღემდე, ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები პარლამენტს წვავდნენ და პოლიციას თავს ესხმოდნენ". - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე თქვა, რომ "რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება".

მანამდე, 29 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სუსი აპირებს ენმ-ს, კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას გადატრიალების მცდელობაში.

ამასთან ერთად, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) თაღლითობის ბრალდებით ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავა.

კომენტარები