უკრაინა რუსეთის სამშვიდობო მოთხოვნებზე: ეს მემორანდუმი არ არის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ იმ დოკუმენტების "მემორანდუმად" მოხსენიება, რომლებიც უკრაინულმა და რუსულმა დელეგაციებმა სტამბოლში განიხილეს, არასწორია.

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ დოკუმენტების მემორანდუმებად მოხსენიება არ არის სწორი, რადგან მემორანდუმი არის დოკუმენტი, რომელიც ორმა მხარემ შეათანხმა. ეს მათი სტრატეგიაა. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ ეს არის პროექტები, შეთავაზებები, ხედვები" - განმარტა თიხიმ.

მისი თქმით, "მემორანდუმის" უკრაინული ტექსტი რეალისტური და კონსტრუქციულია, მაშინ როცა რუსული ვარიანტი - ულტიმატუმია, რომელშიც ბევრი მაქსიმალისტური მოთხოვნა და განცხადებაა.

"მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, რომ ეს შინაარსით სრულიად განსხვავებული ტექსტებია" - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


23 ივლისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმები "ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია". 

23 ივლისის კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში ძირითადად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმებს განიხილავენ, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთს წინა რაუნდზე, 2 ივნისს წარუდგინეს. პესკოვის თქმით, "მემორანდუმის პროექტები რეგულირებასთან დაკავშირებით დიამეტრულად ურთიერთსაპირისპიროა".

ხოლო Українська правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების მთავარ მიზანს ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება წარმოადგენს. 

მოლაპარაკებების რაუნდის დაწყებამდე ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინული დელეგაცია დღეს სტამბოლის მოლაპარაკებებზე დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას კვლავ მოითხოვს. 

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უკრაინისთვის 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაებრუნებინა. 

გაცვლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 16 ივნისს დასრულდა, რის შედეგადაც უკრაინას 6,057 ცხედარი დაუბრუნდა.

შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა. 

სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების საიდენტიფიკაციოდ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.

გარდა ამისა, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული  და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.

კომენტარები