რეჟიმის პატიმარს, საბა სხვიტარიძეს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120 მუხლის პირველი ნაწილით. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს:
"ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ."
საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, დაცვის მხარეს ჰყავდა ათობით მოწმე და ვიდეო ჩანაწერებიც ადასტურებდა, რომ შეუძლებელი იყო საბა სხვიტარიძეს ამ ადამიანებთან სიტყვიერი კონტაქტი ჰქონოდა.
"ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი ათეულობით მოწმე, ვიდეო ჩანაწერები საათობით და სქემა იყო ისე აწყობილი, რომ შეუძლებელია საბა სხვიტარიძეს ცოდნოდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ვინაიდან ჩვენ გამოვითხოვეთ Courtyard Marriott-ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტელეეკრანებზე გაშვებულ ვიდეოჩანაწერებს წუთობრივად და წამობრივად შევადარეთ და მივხვდით და გავაანალიზეთ და აბსოლუტურად ყველამ გააანალიზა, რომ შეუძლებელი იყო საერთოდ საბა სხვიტარიძეს ამ ადამიანებთან სიტყვიერი კონტაქტი ჰქონოდა, ვიდეო ჩანაწერების თანახმად." - განაცხადა ჩომახაშვილმა.
ადვოკატის ცნობით, მხოლოდ მუხლის გადაკვალიფიცირება საკმარისი არ არის, მათი მიზანია, რომ მოსამართლემ გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
"ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. იმის ნაცვლად, რომ საბა სხვიტარიძეს 11 წელი ჰქონოდა განსაზღვრული სასჯელად, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6 თვიდან 3 წლამდე, ჯარიმას, შინა პატომრობას და გამასწორებელ სამუშაოს სასჯელის სახით.
კიდევ ერთხელ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია არ იყო მუხლის ცვლილება მხოლოდ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს. ეს არის პოზიცია. არავინ არ იფიქროს და არავის არ ეგონოს ის, რომ დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებით ამ შემთხვევაში კმაყოფილი იქნება. საბოლოოდ, ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს." - თქვა ირაკლი ჩომახაშვილმა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.
შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება.





