უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ უკრაინამ რუსეთს აგვისტოს ბოლომდე ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ჩატარება შესთავაზა, რომელშიც ასევე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ უმეროვმა შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს მუდმივი შეთავაზებაა, რომლის რეალიზებაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება. ტიხის თქმით, თუკი პუტინს შეხვედრა ხვალვე სურს, ზელენსკი ამისთვის მზად არის.
"რატომ მოვითხოვთ ამ შეხვედრას დაჟინებით? რუსეთში არის ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. თუ საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა, ეს პირი უნდა ესწრებოდეს". - თქვა ტიხიმ.
ამასთან, უმეროვმა დაამატა, რომ უკრაინამ ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ მიმართულებაზე და კიევი მოელის, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მხრივ პროგრესი იქნება. უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების გათავისუფლების მოთხოვნასაც.
გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა თურქეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებაში დახმარებისთვის.
როგორც რუსული სამთავრობო მედია აღნიშნავს, მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 20:37 საათზე დაიწყო და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.
სტამბულში ჩასვლამდე უკრაინული დელეგაცია ანკარაში შეჩერდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, შეხვედრაზე ილაპარაკეს "მთავრობების ლიდერების დონეზე შეხვედრის აუცილებლობაზე - პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, აშშ-სა და თურქეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის პუტინის [შეხვედრაზე] - იმისთვის, რომ ომის დასასრულებლად რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ".
დღეს, 23 ივლისის დილით, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში ძირითადად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმებს განიხილავენ, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთს წინა რაუნდზე, 2 ივნისს წარუდგინეს. პესკოვის თქმით, "საუბარი რთული იქნება, რადგან მემორანდუმის პროექტები რეგულირებასთან დაკავშირებით დიამეტრულად ურთიერთსაპირისპიროა".
ხოლო Українська правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების მთავარ მიზანს ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება წარმოადგენს.
მოლაპარაკებების რაუნდის დაწყებამდე ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინული დელეგაცია დღეს სტამბოლის მოლაპარაკებებზე დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას კვლავ მოითხოვს.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უკრაინისთვის 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაებრუნებინა.
გაცვლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 16 ივნისს დასრულდა, რის შედეგადაც უკრაინას 6,057 ცხედარი დაუბრუნდა.
შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა.
სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების საიდენტიფიკაციოდ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.
გარდა ამისა, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.





