მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ამჟამად მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედიები, ТАСС და РИА Новости საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
ТАСС და РИА Новости წერენ, რომ ამ წუთებში დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.
ცოტა ხნით ადრე რუსული პროპაგანდისტული მედიები წერდნენ, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელები, პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, მოლაპარაკებებს ერთი ერთზე აწარმოებდნენ.
თუმცა, РБК-Украина წერდა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო და მედინსკისა და უმეროვს შორის ამგვარი ტიპის საუბარი არ შემდგარა. გამოცემა იტყობინებოდა, რომ იმ დროისთვის მედინსკის, უმეროვისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის წინასწარი შეხვედრა გაიმართა.
სტამბულში ჩასვლამდე უკრაინული დელეგაცია ანკარაში შეჩერდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდნენ. დელეგაციაში შემავალი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, შეხვედრაზე ილაპარაკეს "მთავრობების ლიდერების დონეზე შეხვედრის აუცილებლობაზე - პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, აშშ-სა და თურქეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის პუტინის [შეხვედრაზე] - იმისთვის, რომ ომის დასასრულებლად რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ".
დღეს, 23 ივლისის დილით, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში ძირითადად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმებს განიხილავენ, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთს წინა რაუნდზე, 2 ივნისს წარუდგინეს. პესკოვის თქმით, "საუბარი რთული იქნება, რადგან მემორანდუმის პროექტები რეგულირებასთან დაკავშირებით დიამეტრულად ურთიერთსაპირისპიროა".
ხოლო Українська правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების მთავარ მიზანს ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება წარმოადგენს.
მოლაპარაკებების რაუნდის დაწყებამდე ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინული დელეგაცია დღეს სტამბოლის მოლაპარაკებებზე დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას კვლავ მოითხოვს.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უკრაინისთვის 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაებრუნებინა.
გაცვლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 16 ივნისს დასრულდა, რის შედეგადაც უკრაინას 6,057 ცხედარი დაუბრუნდა.
შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა.
სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების საიდენტიფიკაციოდ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.
გარდა ამისა, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.





