მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია უკრაინაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) შესახებ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებულია და უკრაინის ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს.
ამის შესახებ კომენტარი ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერსიემ გააკეთა.
ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით POLITICO და Українська правда ავრცელებენ.
"კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოველით. კომპრომისი ვერ იქნება". - თქვა მერსიემ მედიების მიხედვით.
УП-ს მიხედვით, მერსიემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი კანონპროექტებით შეშფოთებულია, რადგან ისინი უკრაინაში ანტიკორუფციული ინსტიტუტების უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად ასუსტებს.
"ორივე ინსტიტუტი, НАБУ და САП, ფართოდ მიიჩნევა უკრაინაში კანონის უზენაესობის ქვაკუთხედად. ისინი უკრაინაში რეფორმების დღის წესრიგში საკვანძო როლს ასრულებენ და დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, რათა კორუფციასთან იბრძოლონ და საზოგადოებრივი ნდობა შეინარჩუნონ". - თქვა მერსიემ УП-ს მიხედვით.
მედიები ასევე წერენ, რომ ევროკომისიის სპიკერის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის დაუკავშირდა და კანონთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა.
"ევროკომისიის პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკის ბოლოდროინდელ განვითარებებთან დაკავშირებით დაუკავშირდა. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ამ შესწორებების შედეგების შესახებ მისი სერიოზული შეშფოთება გამოხატა და უკრაინის მთავრობისგან განმარტება მოითხოვა". - თქვა მერსიემ POLITICO-სთან საუბრისას.
როგორც POLITICO ასევე წერს, მათთან საუბრისას EU-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ზელენსკისთან შეშფოთება ასევე გამოხატა და განმარტება მოსთხოვა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) შესახებ მიღებულ კანონპროექტზე ილაპარაკა და თქვა, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ცნობისთვის, ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
კანონპროექტს რადაში მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კანონის მიღების შემდეგ უკრაინის დიდ ქალაქებში - კიევში, ლვოვში, დნიპროსა და ოდესაში - საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ზელენსკის მოუწოდებდნენ, ვეტო დაედო ახალი კანონპროექტისთვის.
ახალი კანონპროექტით, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, მითითებები მისცეს უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან, კანონპროექტი გენერალურ პროკურორს სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალებასაც მისცემს.
ამას გარდა, ახალი კანონპროექტით უკრაინის გენერალურ პროკურორს შეეძლება, NABU-ს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს.
უკრაინული მედიის თქმით, დამკვირვებლების გაფრთხილებით, კანონპროექტში შეტანილი შესწორებები ხელს შეუშლის ორი სააგენტოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ან მთავრობის წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რადაში კენჭისყრის გამართვამდე განაცხადა, რომ შეტანილი ცვლილებები ტოლფასი იქნება "NABU-სა და SAPO-ს განადგურებისა და მათი საქმიანობის ფაქტობრივად გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარების".
"ეს რეალურად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობის დასასრულია," განაცხადა SAPO-ს თავმჯდომარემ, ოლექსანდრ კლიმენკომ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, NABU-ს დირექტორმა სემიონ კრივონოსმა ხსენებული კანონპროექტი დაგმო და დაამატა, რომ ის საფრთხეს უქმნის უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. კენჭისყრის შემდეგ კი მან იმედი გამოთქვა, რომ ზელენსკი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
აღნიშნულ კანონპროექტს X-ზე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, რომელმაც რადას გადაწყვეტილება მკაფიოდ გააკრიტიკა და კანონპროექტს "უკან გადადგმული ნაბიჯი" უწოდა.
"NABU-ს [ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს] დამოუკიდებლობის დამცავი მთავარი მექანიზმების გაუქმება სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია.
დამოუკიდებელი ორგანოები, როგორებიცაა NABU & SAPO, არსებითი მნიშვნელობის არიან ევროკავშირში უკრაინის გზისთვის. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება." - დაწერა კოსმა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ეროვნულ ანტიკოურფიცულ ბიუროზე (НАБУ) რუსული გავლენის ნეიტრალიზაციის" მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარეს.





