საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებული რუსეთის მოქალაქე, არტემ გრიბული წერილში, რომელსაც საპატიმროდან აგზავნის, წერს, რომ მისი და მისი პარტნიორის ანასტასიია ზინოვკინას საქმეზე ობიექტური და სრული გამოძიება არ ჩატარებულა და დაცვის მხარეს არ მისცეს იმ ვიდეოჩანაწერების ამოღების უფლება, რაც მათ გაამართლებდა.
ამასთან ერთად, გრიბული წერილში ამბობს, რომ ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში ყოფნის შემდეგ გაუარესდა ციხეში არსებული ცუდი პირობებიდან გამომდინარე და "ციხის ადმინისტრაცია ექიმის რეკომენდაციებს არ ასრულებს"
გრიბულის თქმით, მშრალ შიმშილობას იწყებს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო აქციების დროს დაკავებულმა რუსეთის სხვა მოქალაქემ, ანტონ ჩეჩინმაც.
"შვიდი თვის წინ, მე და ანასტასია ზინოვკინა პოლიციამ დაგვაკავა და ნარკოტიკები ჩაგვიდო. არ მალავდნენ თუ რატომ აკეთებდნენ ამას - საპროტესტო აქციებში ჩვენი მონაწილეობის გამო, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის გამო. მათ უფროსებს ძალიან ეშინიათ თავიანთი ხალხის და ყველანაირად ცდილობენ დააშინონ როგორც თავიანთი ხალხი, ასევე ისინი, ვინც ხალხს ეხმარებიან.
ამჟამად საქართველოში ბევრი საქმე წარმოებაში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გულგრილი არ არის. ზოგიერთი მათგანის საქმე ჩვენსას უმცირესი დეტალების ჩათვლით იმეორებს. ეს არის ანტონ ჩეჩინის, გიორგი ახობაძის, ნიკა კაციას, თედო აბრამოვის საქმეები.
ჩვენს საქმეზე ობიექტური და სრული გამოძიება არ ჩატარებულა. დაცვის მხარეს არ მიეცა საკუთარი გამოძიების ჩატარების უფლება: არ მოგვცეს საშუალება მოგვეპოვებინა მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაგვამართლებდა და აჩვენებდა, რომ ნამდვილი დამნაშავეები პოლიციელები იყვნენ.
1. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მაღაზია "ორი ნაბიჯის" სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღებასა და საქმისთვის დართვასთან დაკავშირებით. კამერებმა დააფიქსირეს ჩვენი დაკავების დროს ჩადენილი ყველა დანაშაული, ნარკოტიკების ჩადების მომენტამდე. ამ ვიდეოჩანაწერს შეეძლო ყველა მოწმის ტყუილის გაბათილება. გასაგებია, თუ რატომ ეშინოდათ ასე ძალიან ამ ვიდეოსი.
2. პოლიციის და თარჯიმნის დაკითხვის ოქმებში არ არის ტელეფონის ნომრები, საიდანაც დაცვის მხარეს შეეძლო ზარების დეტალების და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ამოღება. აღნიშნული ინფორმაცია სრულად უარყოფდა ჩვენი დაკავების დროს, რომელიც ჩხრეკისა და დაკავების ოქმებშია და დაამტკიცებდა, რომ ყველა მოწმე სასამართლოში ტყუოდა.
3. ირაკლი მუხათგვერდელმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ხელთათმანების გარეშე გამჩხრიკა და ნარკოტიკებით სავსე პაკეტები ამოიღო. სინამდვილეში კი მან ანასტასია, მე კი ჯემალ მირაზანაშვილმა გამჩხრიკა, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ დაკავების ადგილზე არ იმყოფებოდა!!
მე შევიტანე შუამდგომლობა, რომლითაც მოვითხოვე ირაკლი მუხათგვერდელის დნმ-ის ექსპერტიზის გაკეთება და იმის დამტკიცება, რომ მას ნარკოტიკის პაკეტებს ის არ შეხებია. სასამართლომ ამაზე უარი თქვა.
4. ქართული ოცნების მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება დაესწრონ სასამართლო სხდომებს. მედიას - ფოტორეპორტიორებს, ვიდეოოპერატორებს და ჟურნალისტებს. ჩვენი სხდომები არ შუქდება - ჩვენს მშობლებს, ნათესავებს მხოლოდ მედიის საშუალებით შეეძლოთ ჩვენი ნახვა და ახლა მათ ეს შესაძლებლობა აღარ აქვთ.
დაპატიმრებამდეც ანასტასიას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, ხერხემლის. ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა ციხეში ცუდი პირობებით. ანასტასიას სასამართლო სხდომებზე დაჯდომაც კი არ შეუძლია - ზურგი ძალიან სტკივა. ციხის ადმინისტრაცია ექიმის რეკომენდაციებს არ ასრულებს. მაგალითად, ანასტასიას ორთოპედიული ლეიბიც კი არ მისცეს და ზურგის ტკივილის გამო, შიშველ საწოლზე სძინავს, რომ ნაკლებად ეტკინოს.
გარდა ამისა, ანასტასიას საშინელი საპატიმრო პირობები აქვს:
1. საკანში ნორმალური განათება არ არის. ამის გამო, ანასტასიას, რომელიც მუდმივად წერს და კითხულობს ამ შუქზე, მხედველობის სერიოზული პრობლემები განუვითარდა.
2. ნორმალური კვება არ აქვს, რის გამოც წონაში საგრძნობლად დაიკლო. საჭმლის მომზადების საშუალება არ არის - ელექტრო ტაფა, რომლის ყიდვაც ჩემს ციხეში შეიძლება, იქ არ შეიძლება.
მისი თქმით, ვიცი, რომ მას პატარა საკანი აქვს, რომელშიც გაჭიმვა ან სიარული არ შეიძლება.
მოვითხოვ:
1. მედიას ყველა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცეს.
2. პროკურატურამ ჩვენი საჩივრების საფუძველზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
3. ანასტასიას მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება. მისთვის ნორმალური კვების და საპატიმროს უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობის ყველა პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა და მისთვის სუფთა, ნათელი და ფართო საკნის ქონის უფლება.
სანამ ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას საკვებისა და წყლის გარეშე.
ასევე მოვუწოდებ საქართველოში ყველა სინდისის პატიმარს, შეუერთდნენ შიმშილობას. ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!
21 ივლისი, არტემ გრიბული". - ნათქვამია წერილში.





