სირია

სირიაში ძალადობრივი შეტაკებების დროს განზრახ დახოცილ დრუზებს შორის აშშ-ს მოქალაქეც იყო

სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობა ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ დამასკოში, 16 ივლისი, 2025 წ. 
AP Photo/Ghaith Alsayed

CNN-ის ინფორმაციით, გასულ კვირას სირიაში გამწვავებული სექტარიანული დაპირისპირების დროს განზრახ დახოცეს რვა დრუზი მამაკაცი - ყველა ერთი ოჯახის წევრი - რომელთაგანაც ერთ-ერთი აშშ-ს მოქალაქე იყო. 

35 წლის ჰოსამ სარაიას ამოცნობა მისმა მეგობარმა და ამერიკელმა ნათესავმა სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან შეძლეს, რომელზეც მკვლელობის კადრები იყო ასახული. 

CNN-ის მიერ გადამოწმებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესვრიან სამხედრო ფორმაში მყოფი შენიღბული პირები რვა ტყვედ აყვანილ დრუზს, რის პარალელურადაც "ღმერთი დიდიას" ყვირიან. 

გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა 17 ივლისს სუვაიდის პროვინციაში სუნიტ ბედუინებსა და დრუზებს შორის დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირების ფონზე მოხდა. მოკლული სარაია სირიაში დაბრუნებამდე ოკლაჰომის შტატში სწავლობდა. ის დრუზების ჯგუფს მიეკუთვნებოდა და ამერიკელი ნათესავის თქმით, იგი ქვეყანაში ავადმყოფი მამის მოსავლელად დაბრუნდა. 

ნათესავის მიხედვით, ოჯახის ქალი წევრები, რომლებიც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩნენ, იხსენებდნენ, თუ როგორ შეიჭრნენ დილის საათებში მებრძოლები მათ სახლში. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა თავდაცვა სცადეს, თუმცა ერთ-ერთი ოჯახის წევრის დაჭრის შემდეგ ისინი დანებდნენ, რის შემდეგაც მებრძოლებმა კაცები გარეთ გაიყვანეს. 

გადარჩენილი წევრები იმედოვნებდნენ, რომ "გატაცებული ბიჭები" სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდებოდნენ, თუმცა 12 საათის შემდეგ უცხოეთში მცხოვრებმა მათმა ნათესავმა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ნახა, რომელზეც გატაცებული რვა კაცის მკვლელობა ჩანდა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივლისს დაადასტურა, რომ სუვაიდის პროვინციაში ამერიკელი მოქალაქეც მოკლეს. 

13 ივლისს დრუზ მებრძოლებსა და სუნიტ ბედუინებს შორის დაწყებული შეტაკებების შედეგად სირიის სუვაიდის პროვინცია სასიკვდილო ძალადობამ მოიცვა. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) მიხედვით, სექტარიანული შეტაკებების განმავლობაში დაიღუპა 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, მედიკოსები, ქალები და ბავშვები. 

ხოლო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები სუვაიდის პროვინციაში რეჟიმის ძალების მხრიდან ქალებისა და ბავშვების დახოცვისა და სასულიერო პირებისთვის ულვაშის გაპარსვის შესახებ ცნობები გავრცელდა, ისრაელის დრუზმა მოსახლეობა მთავრობისგან სირიაში დრუზების დაცვა მოითხოვა. 

რეგიონში შეტაკებების დაწყების შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ რეჟიმის სამხედრო ძალებს დედაქალაქ დამასკოს სამხრეთისკენ გადაადგილების საშუალებას არ მისცემდა. 16 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დამასკოში "ძლიერი იერიშებიც" მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.

შაბათ-კვირას სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ სუვაიდაში შეტაკებები დასრულდა მას შემდეგ, რაც მთავრობას, დრუზ ჯგუფებსა და ბედუინებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. 

ცალკე ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიეს სირიამ და ისრაელმაც. აღნიშნული შეთანხმების შესახებ თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა გამოაცხადა, რომლის თქმითაც, შეთანხმება თურქეთმა, იორდანიამ და სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმაც მოიწონეს. 

კომენტარები