ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთის ვიცეპრემიერი სოხუმში ჩავიდა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა

АПСНЫПРЕСС

რუსეთის ვიცეპრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი სოხუმში ჩავიდა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა

ცნობისთვის, ნოვაკი მონაწილეობას მიიღებს რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რიგით მე-20 მთავრობათაშორისი კომისიაში, რომელიც სოხუმში იგეგმება. 

ნოვაკს სოხუმში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერი, ვლადიმირ დელბა, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი მიხაილ შურგალინი და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი, ზალინა კობესოვა შეხვდნენ. 

გარდა ამისა, ადგილობრივი ტელეგრამ-არხების მიხედვით, ნოვაკი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს, ედუარდ ბუტბასა და კაპიტალური მშენებლობების მართვის ე.წ. უფროსს, დემირ გამისონიას შეხვდა.

მოგვიანებით, ნოვაკთან შეხვედრის დროს გუნბამ აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 250 მილიონი დოლარით გაიზარდა.

Апсныпресс-ის ინფორმაციით, ნოვაკმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "აფხაზეთი [რუსეთის] საიმედო და მეგობრული პარტნიორია". მისივე თქმით, რუსეთსა და მარიონეტულ რეჟიმს "საერთო იდეები, საერთო ინიციატივები, მსოფლიოში დღევანდელ ვითარებაზე ერთნაირი გადმოსახედი" აქვთ, "მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო მულტიპოლარული უნდა იყოს". 

"მადლობას ვუხდით აფხაზეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მხარდაჭერისთვის და აფხაზთა მონაწილეობას ძალიან ვაფასებთ". - დაამატა ნოვაკმა. 

ნოვაკმა თქვა, რომ კომისიაზე კანონმდებლობათა "ჰარმონიზაციის" საკითხი უნდა განიხილონ, რაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ადმინისტრაციული ბარიერების" შემცირებას გახდის შესაძლებელს.

"მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის საკითხები უნდა განვიხილოთ. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ადმინისტრაციული ბარიერები შევამციროთ, რაც ვაჭრობის, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს". - თქვა ნოვაკმა. 

კომენტარები