უკრაინა

უკრაინის რადამ დენის შმიგალი თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი
ფოტო: REUTERS/Eva Korinkova

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა.

მის კანდიდატურას მხარი 267-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ჩემი მთავარი მიზანი ნათელია: ხალხი, იარაღი და სისტემა. მთავარი ფოკუსი უკრაინელი ჯარისკაცია. სრული უზრუნველყოფა, დროული გადახდები, საიმედო აღჭურვილობა, სამედიცინო მომსახურება.

ერთ-ერთი მთავარი მისიაა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ფრონტზე უკრაინული წარმოების იარაღის წილის 40%-დან 50%-მდე გაზრდა. ჩვენ სამინისტროს ისეთ სისტემად ვაქცევთ, რომელიც სწრაფად, გამჭვირვალედ და ბიუროკრატიის გარეშე იმუშავებს" - დაწერა შმიგალმა სოციალურ ქსელში.

ასევე, მან აღნიშნა, რომ უკრანის თავდაცვის მინისტრის რანგში მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში წარმოების პარტნიორობის გაზრდაა.

მანამდე, უკრაინის უმაღლესლმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა.

16 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრაზე ყოფილ პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის ახალი მეთაური, იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.

კომენტარები