რეჟიმის პატიმრები

ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის საქმეზე აგვისტოში დამატებით 5 პროცესი ჩანიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ექსპერტი ვალერიან მესხი გამოიკითხა. ასევე გაოიკვლიეს პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები. 

ბრალდების მხარემ, დღევანდელ სხდომაზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის პასუხების მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა, ადვოკატების განცხადებით, დარღვეულია თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითობა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

ექსპერტმა ვალერიან მესხმა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარა გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის კადრებს. მისი თქმით, მას მიაწოდეს პირების ფოტოები, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები კადრებში ამოიცნო.

მოწმმის გამოკითხვის შემდეგ, სასამართლომ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლია, რის შემდეგაც სხდომა დასრულდა. იქამდე კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აგვისტოს თვეში დამატებით 5 სასამართლო სხდომა ჩანიშნა - 5 აგვისტო 12 საათი; 6 აგვისტო 14 საათი; 12 აგვისტო - 12 საათი; 14 აგვისტო 12 საათი და 20 აგვისტო 12 საათი.

ბრალდების მხარეს დღევანდელ პროცესზე მიყვანილი ჰყავდა კიდევ ერთი მოწმე, დაზარალებული სპეცრაზმელი, თუმცა მისი გამოკითხვა ვეღარ მოესწრო. მომდევნო პროცესი 17 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.


აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები