თბილისის პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, სადგურის მოედანთან ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
"ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე.
ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არის ორი გარდაცვლილი - ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი." - თქვა მან.
სირაძის ინფორმაციით, დაშავებული არის ერთი ქალბატონი, რომელიც "არის სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება."
14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, კორპუსი ავარიული იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა.
კახა კალაძეს არ აუხსნია, რატომ არ იყო შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და რატომ ეძლეოდათ მოვაჭრეებს ადგილზე ვაჭრობის უფლება. მოქალაქეები ავარიული შენობის მდგომარეობის შესახებ, ფოტო და ვიდეომასალას ერთი წლის წინ აქვეყნებდნენ. მასალებში კორპუსის ავარიულობა შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, შენობას ავარიულობის მესამე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.





