ავარიული შენობის ჩამონგრევა

100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი გამოყაროს – კალაძე

ქართული ოცნება

თბილის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ფასადიც ჩამოინგრა, მესამე კატეგორისაა და 14 ივლისს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ შენობა მე-5 კატეგორიის იყო. 

"შენობას აქვს მესამე კატეგორია, ეს ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ აქვს მე-5 კატეგორია. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან". - განაცხადა კალაძემ.

კალაძე ასევე გამოეხმაურა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკრებულომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და ავარიული შენობების ჩანაცვლებას მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა არ სჭირდება. კალაძის განცხადებით, თუ ტერიტორია გეოლოგიურად საშიში არ არის, მესაკუთრეთა თანხმობა აუცილებელია.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ ეს არასწორია, მაშინ დღესვე დავტოვებ თანამდებობას, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ხალხი [სახლებიდან] გამოყაროს. ასეთი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე. [...]

როდესაც არის ისეთი ტერიტორიები, რომელიც გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია, იქ რაიმეს გაკეთება, მაგ შემთხვევაში ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს იმის უფლება, რომ დავიწყოთ პროცესი.

შენობა იყო ავარიული და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობას მომართვაც კი არ ჰქონია. გუშინ დამისვეს შეკითხვა, რომ ორი წლის წინ ეს კორპუსი შეიღებაო. ეს ტყუილია. 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს, აღნიშნულ კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა, ხედავთ დღეს ავარიულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს პროგრამა არა გამაგრების, არამედ ჩანაცვლების. ამაში ხალხიც უნდა დაგვეხმაროს, მედიაც, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და არა ის, რომ ვისაუბროთ სიცრუეზე" - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მედია ყოველთვის "პოლიტიკრუად სპეკულირებს", როდესაც უბედური შემთხვევები ხდება.

"ყველაფერზე - მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი - კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო". - თქვა კალაძემ. 

მისივე თქმით, მაცხოვრებლებს ჩანაცვლებითი პროგრამა შესთავაზეს, თუმცა მხოლოდ ორმა ადამიანმა განაცხადა თავხმობა.

"ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში, რაც არის დაოქმებული. ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ვუთხარით, რომ მერია მზად არის, მოხდეს აღნიშნული კორპუსის გამოთავისუფლება, დაშლა და ახალი საცხოვრებლის აშენება. ეს ყველაფერი არის დაოქმებული, აქვს იქ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. თუ არ მეშლება, მხოლოდ ორმა ადამიანმა განაცხადა თანხმობა, გასულიყო ქირით და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ქირით" - თქვა კალაძემ.

14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 პირი კი დაშავდა. 

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, კორპუსი ავარიული იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა.

კახა კალაძეს არ აუხსნია, რატომ არ იყო შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და რატომ ეძლეოდათ მოვაჭრეებს ადგილზე ვაჭრობის უფლება. მოქალაქეები ავარიული შენობის მდგომარეობის შესახებ, ფოტო და ვიდეომასალას ერთი წლის წინ აქვეყნებდნენ. მასალებში კორპუსის ავარიულობა შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, შენობას ავარიულობის მესამე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. 

კომენტარები