რუსული რეჟიმი

დეზინფორმაციით გაჯერებულია – კობახიძე EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის და 17 ქვეყნის წერილზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და 17 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი შინაარსი დეზინფორმაციით არის გაჯერებული. 

კობახიძის შეფასებით, წერილი დასანანი და სამწუხაროა, რომელიც არაფორმალური გავლენებით არის ნაკარნახევი.

"დეზინფორმაციით არის გაჯერებული ეს წერილი, სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას მაგალითად, აბსოლუტურად აცდენილია სინამდვილეს ის შეფასებები, რომელსაც ვკითხულობთ ამ წერილში. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც, აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი.

რაც ითქვა ჩვენი მხრიდან წერილში, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს, სამწუხაროდ, წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი და ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს, მათ შორის, ასეთი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო". - ამბობს კობახიძე. 

წერილზე 13 ივლისს განცხადება გაავრცელა ქართული ოცნების პოლიტსაბჭომაც, სადაც წერენ, რომ წერილი "18 ჩინოვნიკის" მიერ არის დაწერილი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების "უდიდეს უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში, დიპ სთეითის არაფორმალური მმართველობა ღრმად არის ფესვგადგმული".

ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით 11 ივლისს გავრცელდა

წერილში გაკრიტიკებულია ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები - " დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს" - წერია წერილში.

კომენტარები