უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულნი არიან მკვლელები, რომლებმაც ФСБ-ს დავალებით СБУ-ს პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს.
უწყების თქმით, სამძებრო სამუშაოებს უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ვასილი მალიუკი ხელმძღვანელობდა.
"რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯაშუშურ-საბრძოლო ჯგუფი უკრაინაში გაგზავნეს, მათ 3 დღის წინ მოკლეს ჩვენი მოძმე, პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი". – წერია უწყების ანგარიშში.
გამოძიების თანახმად, პოლკოვნიკის ლიკვიდაციაში 2 ადამიანი მონაწილეობდა – ქალი და კაცი. რუსული სპეცსამსახურების კურატორის დავალებით, ისინი რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ვორონიჩს. მოგვიანებით ФСБ-ს აგენტმა მათ კოორდინატები მისცა, სადაც მაყუჩიანი პისტოლეტი იყო დამალული.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ, აგენტები დამალვას ცდილობდნენ. მათ კვალს უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა კიევის ოლქში მიაგნეს.
უკრაინული დაზვერვის თქმით, 13 ივლისს ჩატარდა სპეცოპერაცია, აგენტებმა СБУ-ს წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მათი ლიკვიდაცია გახდა აუცილებელი.
10 ივლისს კიევის ჰოლოსიევსკის რაიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს.





