12 ივლისს უკრაინაში, ხარკოვის ოლქში უამინდობის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"უამინდობის შედეგად, სოფელ პერვომაისკოეში დაიღუპა 56 წლის ქალი, რომელსაც ხე დაეცა". – წერს სინეგუბოვი.
გარდა ამისა, ქალაქ ხარკოვში ხე დაეცა 7 წლის გოგონას. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ასევე, სალტოვის რაიონში ერთ-ერთი კერძო სახლის სახურავი ჩამოინგრა, დაშავდა სამი მაცხოვრებელი.
სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები დააზიანა.
უამინდობის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია სამაშველო სამსახურის 171 თანამშრომელი და 38 ერთეული ტექნიკა.





