რუსული რეჟიმი

აშშ-ს მოქალაქე, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს

https://tbilisi.impacthub.net/maggieosdobykatz/

აშშ-ს მოქალაქე, კონსულტანტი და ყოფილი დიპლომატი, მეგი ოსდობი კაცი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს. მისივე თქმით, საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზი არ განუმარტავთ.

საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს. კითხვები არ დაუსვამთ. მიზეზები არ განუმარტავთ. მხოლოდ "უნდა დატოვოთ" და დოკუმენტზე [მიზეზად] მონიშნული "სხვა". ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თბილისში ჩამოვიდოდი და დავტოვებდი 6 საათში და საზღვარსაც ვერ გადავკვეთდი. [...] 27 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსტუმრობდი და ვეხმარებოდი ჩემს საყვარელ სახლს". - წერს კაცი. 

კაცი ძირითადად სამოქალაქო ჩართულობისა და სოციალური ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტანტად მუშაობდა. ამასთან, კაცი ასევე იოგას მასწავლებელიც იყო.

მიმდინარე წელს, მას შემდეგ, რაც USAID-მა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვიტა, კაცმა დემონსტრანტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების დასახმარებლად თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო, რომლითაც 10 568 დოლარი შეგროვდა.

ცნობისთვის, აქამდე, 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი, მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. ფოტოგრაფი ქართველი ფოტორეპორტიორებისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც "მედიაჩეკერი" ავრცელებს, წერს, რომ საქართველოში პირველი ვიზიტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჰქონდა.

მანამდე, მაისის თვეში, საქართველოში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი, უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან მოყოლებული ცხოვრობდა

ორგანიზაციის ცნობით, უილი საქართველოში გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებოდა. ხოლო ქვეყანაში არ შეშვებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან ნილის წინააღმდეგ "სიძულვილის კამპანია" მას შემდეგ, რაც ნილმა გამოცემა Byline Times-ში ივანიშვილის რეჟიმის რუსული კავშირების შესახებ საგამოძიებო შინაარსის სტატია გამოაქვეყნა.

21 მაისს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და გაფართოების საკითხებში პროგრამის ოფიცერი საიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს. მოგვიანებით, ივანიშვილის ყოფილმა შს მინისტრმა, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ეს "ტექნიკური ხარვეზით" იყო განპირობებული.

კომენტარები