თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა. სხდომაზე გამოიკითხა გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ჯანიკაშვილის თქმით, არ დაუნახავს ვისი ნასროლი საგნის შედეგად მიიღო დაზიანება და არ შეუძლია კონკრეტული პირის ამოცნობა
"კონკრეტულად რომ ვიცოდე ვინ მესროლა, ამოცნობილი იქნებოდა და საბრალდებო სკამზე იქნებოდა.
[...]
სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა, დამადეს 5 ნაკერი.
მე არ დამინახავს ვინ მესროლა და ვერ შევძლებ ამოვიცნო რომელიმე, მაგრამ ზოგადად ვგმობ ძალადობას" - თქვა მან ინტერპრესნიუსის ცნობით.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმეებად მოყვანილი ჰყავდა შსს-ს ოპერატორები, რომლებმაც აქციებზე ვიდეო კადრები გადაიღეს. დაცვის მხარემ ისინი უდავოდ გახადა. სასამართლომ ადვოკატების პოზიცია გაიაზრა რა ოპერატორები არ გამოუკითხავთ.
რადიო თავისუფლება ასევე აქვყენებს ვალერი თეთრაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუასა და მოწმე პოლიციელის, გიორგი ჯანიკაშვილის დიალოგს:
"ჯანიკაშვილი: წარმოდგენილი ბრალდებულებიდან მე არ დამინახავს ვინ მესროლა, არ შემიძლია ვთქვა ვინ მესროლა და ვინ არა... ვგმობ ძალადობას და ჯგუფურ ძალადობას მითუმეტეს, რომლებიც ახორციელებენ.... ერთი ქვა მომხვდა და ერთმა მესროლა სავარაუდოდ.
ირმა ჭკადუა: თუ თქვენი მსროლელი ამ ბრალდებულებში არ არის, მათ მიმართ პრეტენზია გექნებათ?
მოწმე: მე არ დამინახავს
ადვოკატი: 400-500 ადამიანი იყო აგრესიულიო და ყველას მიმართ გაქვთ პრეტენზია?
მოწმე: მე პრეტენზია მაქვს იმის მიმართ, ვინც დამაზიანა და ჩემს გვერდით პოლიციელები, ვინც დაზიანდნენ ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია
ადვოკატი: თქვენ კოლექტიურად ხართ დაზიანებული?
პროკურორი კითხვის აცილებას ითხოვს.
საბოლოოდ მოწმემ თქვა: ამ ეტაპზე, მე არ ვიცი ვინ მესროლა და ქვა ვინ მომარტყა...
ადვოკატი: თქვენ 29-ში დაზიანდით, 30-ში, პირველში, ორში, ვინც იყო აქციაზე ყველას მიმართ პრეტენზია გაქვთ?
მოწმე: ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ვარ დაზარალებული, თუ სასამართლო დაადგენს, მე არ ვიცი ვინ არის...სხვა პოლიციელებიც დაზარალდნენ და იმათ მიმართაც მაქვს პრეტენზია
ადვოკატი: ერთი წუთით, თქვენ იმ პოლიციელების წარმომადგენელი ხართ? გაბრაზებული ხართ?
მოწმე: არა".
გარდა ამისა, მოწმის თქმით, ის არ იცნობს საქმის მასალებს, რომელშიც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
დღევანდელი პროცესი ჯანიკაშვილის გამოკითხვით დასრულდა, მომდევნო სხდომა 15 ივლისს გაიმართება.
აქციების დროს დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





