მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის პერიოდში მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მგზავრებს N174 ავტობუსი უახლოეს მეტროსადგურამდე მიიყვანს.
"მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის პერიოდში ალტერნატიული მარშრუტის ამოქმედების შესახებ. სამუშაოების წარმოება მგზავრთა მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. ამიტომ, სადგური გარკვეული ვადით დაიკეტება და აღნიშნული ტერიტორიიდან, კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად მეტროსადგურ სამგორის ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით." - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, მეტროსადგური 45 დღით "მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების" მიზნით იხურება.
"როგორც მთავრობის წინა სხდომაზე აღვნიშნე, მეტროსადგური ვარკეთილი სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, 12 ივლისიდან 45 დღით წყვეტს მომსახურებას. ამ პერიოდში შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს." - თქვა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება.





