ევროპარლამენტმა საქართველოზე 2023-2024 წლის ანგარიში მიიღო, რომელიც მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა.
ანგარიშს მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, 147 წინააღმდეგი იყო, 49-მ კი თავი შეიკავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ანგარიში ასევე იმეორებს, რომ გასული წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და "ქართული ოცნების" მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, შესაბამისად, ოცნების მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ კანონმდებლობას არ აღიარებს.
ამასთან, ანგარიში გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს და სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მთავრობაში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლო სისტემაში, ბიზნეს სექტორში და მედიაში "ქართული ოცნების" რეჟიმის ხელშემწყობი და დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ პიროვნული სანქციების დამოუკიდებლად მიღებისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ქვეყნის SWIFT-ისგან გათიშვისა და სექტორული სანქციების დაწესებისკენ.
კენჭისყრის დროს ევროპარლამენტმა ანგარიშში რიგი შესწორებები შეიტანა
შესწორებებში, მათ შორის, მკაცრად არის დაგმობილი ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებები - ევროპარლამენტი მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები ახლანდელ სამართლებრივ და პოლიტიკურ პირობებში ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის საშუალებას არ იძლევა
ევროპარლამენტმა ასევე მიიღო შესწორება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით - შეთანხმების მეორე მუხლში მოცემული პრინციპებს დარღვევის ფონზე, რომლებიც, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას მოიცავს, ევროპარლამენტი შეთანხმების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უთანხმოების გარჩევის დაწყებისკენ მოუწოდებს.
ანგარიში ასევე მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმის შეჩერებისკენ და გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე სამედიცინო დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი უნგრეთსა და სლოვაკეთს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი მომიტინგეების რეპრესიაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდებს.





