რუსული რეჟიმი

ზალიმასი საქართველოზე: დემოკრატიის აღარანაირი ნიშანი აღარ არის, ჩვენი მოთხოვნები იგივეა

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, ძალიან ნათელია, [...] რომ საქართველოში ვითარება უარესდება. დემოკრატიის აღარანაირი ნიშანი აღარ არ არის და შეგვიძლია, საარჩევნო ავტოკრატია ან, იქნებ, სრული ავტოკრატიაც ვუწოდოთ იმას, რაც ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი რეალურად ერთპარტიული გახდა, რაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ დემოკრატიის არცერთ წარმოდგენას არ შეესაბამება. 

რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პლურალისტურ დემოკრატიასთან დაბრუნება, ახალი არჩევნების ჩატარება და ვფიქრობ, აშკარაა, რა ბერკეტებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ - უპირველეს ყოვლისა, სანქციები, სანქციები და სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებლები არიან ჩვენი საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების დარღვევაზე, და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის რეალური ნების მოსმენა, რაც, ეჭვი არ მეპარება, რომ ევროინტეგრაციაა. [...]

[EU-ს დონეზე მიზნობრივი სანქციების გარდა] ბევრი ვარიანტია, დიახ, შეიძლება ძალიან ბევრი არა, თუმცა ასევე არსებობს ეროვნულ დონეზე მიღებული სანქციები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ბალტიის სახელმწიფოებმა მიიღო. რა თქმა უნდა, ასევე არსებობს შანსი, რომ საბჭოს შიგნით წინააღმდეგობას დავძლევთ, რადგან მხოლოდ ორი სახელმწიფოა წინააღმდეგი, დანარჩენი 25 მხარს უჭერს. ასე რომ, ეს საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულების ერთიანობის საკმაოდ თვალშისაცემი გამოხატულებაა. 

თქვა ლიტველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ზალიმასმა Euroscope-თან დებატების დაწყებამდე საუბრისას.

კანონმდებლები იმსჯელებენ საქართველოზე 2023-2024 წლის ანგარიშზე. დოკუმენტი მოამზადა მომხსენებელმა საქართველოზე, რასა იუკნევიჩიენემ, ხოლო ევროპარლამენტარებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან მასში შესწორებები შეიტანეს. ანგარიშს უკვე უყარეს კენჭი საგარეო კომიტეტში, ხვალ კი, მას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ დღევანდელი დებატების შემდეგ.

კომენტარები