რუსული რეჟიმი

ვენეციის კომისიამ ევროსასამართლოში რუსულ კანონზე სარჩელში მესამე მხარედ ჩართვა ითხოვა

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ორგანიზაციებისა სარჩელის განხილვაში მესამე მხარედ ჩართვა სთხოვა. 

მესამე მხარედ ჩართვის შემთხვევაში ვენეციის კომისია, როგორც ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო საკონსტიტუციო საკითხებში, სტრასბურგის სასამართლოს საკუთარი ექსპერტიზიდან გამომდინარე სარჩელთან დაკავშირებულ ანალიზს წარუდგენს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ 13-14 ივნისს ჩატარებულ 143-ე პლენარულ სხდომაზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა გასული წლის მარტში დაიწყო

საიამ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის დარეგისტრირების შესახებ განცხადება 2024 წლის 13 ნოემბერს გააკეთა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ". - წერდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია Facebook-ზე.

კომენტარები