აშშ-ირანი

ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ ირანის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა

ტაკერ კარლსონი
Joe Raedle/Getty Images

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox News-ის ყოფილი ტელეწამყვანი, ტაკერ კარლსონი X-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მალე გამოქვეყნდება. 

კარლსონის თქმით, ინტერვიუ თარჯიმნის დახმარებით დისტანციურად გაიმართა და დამონტაჟების შემდეგ "ერთ ან ორ დღეში" გამოქვეყნდება. 

მისი თქმით, ირანის პრეზიდენტთან ინტერვიუში მარტივი კითხვები შეარჩია, როგორებიცაა "რა არის თქვენი მიზანი? გსურთ თუ არა აშშ-სთან ომი? გსურთ თუ არა ისრაელთან ომი?" 

"ირანის პრეზიდენტისთვის მრავალი სახის კითხვა არ დამისვამს, განსაკუთრებით ისეთი კითხვები, რომლებზეც ვიცოდი, რომ გულწრფელ პასუხს ვერ მივიღებდი, როგორებიცაა "სრულად დაზიანდა თუ არა თქვენი ბირთვული კამპანია ერთ-ნახევარი კვირის წინ აშშ-ს მთავრობის დაბომბვითი კამპანიის შედეგად?"" ამბობს კარლსონი. 

ცნობისთვის, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშებამდე ტაკერ კარლსონმა დაწერა, რომ ტრამპი "ომის აქტის თანამონაწილეა" და რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდება, მის "საპრეზიდენტო ვადას განსაზღვრავს."

კარლსონის საპასუხოდ კი ტრამპმა დაწერა, რომ ირანს "არ შეიძლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეს."

"იქნებ ვინმემ აუხსნათ შერეკილ ტაკერ კარლსონს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

კომენტარები