2021 წლის 5 ივლისი

MAC: 2021 წლის 5 ივლისი მედიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძალადობის თარიღია

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს - "მედიაზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძალადობის თარიღს" განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არათუ ადეკვატური პასუხი არ გასცა ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ სინამდვილეში თავად წაახალისა მედიის წარმომადგენლების დევნა.

"2021 წლის 5 ივლისი მედიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძალადობის თარიღია. ეს არის დღე, როცა ანტიდასავლურმა, ანტიდემოკრატიულმა ძალამ თავისუფალი სიტყვისთვის მედიაზე თავდასხმა განახორციელა.

ფიზიკურად დაზარალდა 60-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან სახისა და თავის არეში ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ქართულმა ოცნებამ მაშინ არა მხოლოდ არ გასცა ადეკვატური პასუხი ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ სინამდვილეში თავად წაახალისა და ფაქტობრივად, ხელი შეუწყო მედიის წარმომადგენლების დევნას. ოთხი წლის შემდეგ, მედიისა მიმართ ძალადობამ და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმამ სისტემური სახე მიიღო.

პროევროპული საპროტესტო აქციების პერიოდში მედიის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, მუქარისა და დაკავების 200-მდე შემთხვევაა.

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური პატიმარია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მქონე დამოუკიდებელი მედიაგამოცემის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მიღებულია კანონები, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს მედიის და ხალხის ხმის ჩახშობას.

სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს!" - წერია განცხადებაში.


2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.

კომენტარები