აზერბაიჯანი-რუსეთი

ГУР: აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთი სომხეთში სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის

რუსი ჯარისკაცები სომხეთში მდებარე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთის სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე ძალების რაოდენობას ზრდის.

ГУР-ის განცხადების მიხედვით, მოსკოვმა სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე სამხედროების რაოდენობა ამიერკავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გამო გაზარდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვა წერს, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამხედროები გაგზავნეს როსტოვისა და ვოლგოგრადის ბაზებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერი, ანდრიი იუსოვი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანთან სიტუაციის გამწვავება შესაძლოა წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი.

"რუსული ჯარების განთავსება სომხეთში კრემლის კომპლექსური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური უსაფრთხოების სიტუაციის დესტაბილიზაციას. ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას კავკასიაში. სავარაუდოდ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ იყო დაგეგმილი." - თქვა იუსოვმა.


შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.

მოგვიანებით, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს

2 ივლისს აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ იევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა, რომლებიც "მეგობრულ სულისკვეთებას" უპირისპირდება და "ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს". 

კომენტარები