რუსული რეჟიმი

ოპერატიულ და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილის ვინაობა ფარული იქნება - კანონპროექტი

ქართულ ოცნებას დაჩქარებული წესით ცვლილებები შეაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. კანონპროექტი 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღეს, დღეს 2 ივლისს ივანიშვილის პარლამენტი მას მე-2 და მე-3 მოსმენით დაამტკიცებს. 

აღნიშნული ცვლილებებით, დაფარული იქნება იმ პირის ვინაობა, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს. 

პირის გამოკითხვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად, მისი ვინაობა მხოლოდ სასამართლოს და ბრალდების მხარეს ეცოდინება, პირის ვინაობა არ იქნება მითითებული გამოკითხვის ოქმში.

"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა". - წერია გამარტებით ბარათში.

დაცვის მხარეს არ ეცოდინება ვინ არის გამოკითხული პირი, რომლის ჩვენების საფუძველზეც შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ვინაობის დაფარვის უფლებამოსილება პროკურორს ექნება, გენპროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.

"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა" - წერია კანონპროექტში.

გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა შეიძლება უვადოდ დაიფაროს. შეზღუდვის მოხსნა კი მხოლოდ პროკურორის, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით იქნება შესაძლებელი.

"გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია დაფაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ გამჟღავნებით ზიანი ადგება მოთანამშრომლე პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს.

ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალაში და სხვა საპროცესო მოქმედებებში ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს პირის ვინაობის იდენტიფიცირების და ამოცნობის შესაძლებლობა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ვინაობა, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, ხელმისაწვდომია მოსამართლისთვის" - ნათქვამია კანონპროექტში.

აღნიშნული ცვლილებები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის გამკაცრების ნაწილია. ღია საზოგადოების ფონდის იურისტის საბა ბრაჭველის აზრით, "ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის".

"მატერიალურ კოდექსში ხომ ცალკე შემოიტანეს 6 ( ე ქ ვ ს ) წლამდე ციხე ხუთი გრამი მარიხუანას ფლობისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსში კიდევ უარესი ქნეს. ახალი ცვლილებებით სრულად საიდუმლოვდება საკვანძო მოწმეების ვინაობა, რომელსაც ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს.

კერძოდ, იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, შეიძლება დაიფაროს გამოძიების ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მისი ვინაობა არსად არ მიეთითება, შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სასამართლო დარბაზში დაკითხვა. ეს ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მთავარ მტკიცებულებას - მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა, ვისი გამოკვლევის უფლება დაცვის მხარეს არ მისცემია და დაცვის მხარეს ელემენტარულად იმის გადამოწმებაც კი არ შეუძლია, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ ყველა საქმეში (რაშიც აქამდე შსს არაერთხელ გამოუჭერიათ).

ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე - ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ. ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია" - წერს ბრაჭველი.

კომენტარები