გაერთიანებული სამეფო-საქართველო

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს საქმეთა რწმუნებული დაიბარა და ოცნების პოლიტიკა გააპროტესტა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბაჩო საგანელიძე დაიბარა და მასთან საუბრისას "ქართული ოცნების" პოლიტიკა მწვავედ გააპროტესტა.

სამინისტროს წარმომადგენელმა საგანელიძესთან საუბრისას პროტესტი გამოთქვა "ქართული ოცნების" მხრიდან გაერთიანებული სამეფოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებისა" და "საჯარო თავდასხმების" წინააღმდეგ.

"გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მხრიდან თავისუფლების შეზღუდვისა და წინააღმდეგობის ჩახშობის უახლესი მცდელობაა

საარჩევნო კონკურენტების დაკავება წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერ ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან, თუკი ეს "ქართულ ოცნებას" შემორჩა, და მათსავე კონსტიტუციურ ვალდებულებებთანაც.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა არ მოერიდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, თუკი საქართველო დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვას არ დაუბრუნდება". - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა. 

საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას". 

ტაბულამ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა, რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა.

ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბირტანეთის საელჩო და ელჩი გარეთ უორდს ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში დაადანაშაულა და უორდისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.

პაპუაშვილის განცხადებით, ტაბულა პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება, რომ ის "პარტიული კედლის გაზეთია". ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ "სულ ფიქრობდა, თუ ვინ აფინანსებდა ტაბულას".

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ელჩს გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის არჩევნებში ჩარევაში.

მოგვიანებით, 18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართული ოცნების წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ბრიტანეთი ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მთავრობა თავად უჭერდა მხარს აღნიშნულ აქტივობებს. გაერთიანებულმა სამეფომ ქართულ ოცნებას ასევე მოუწოდა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს. 

კომენტარები