აზერბაიჯანი-რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს

აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში, რაჰმან მუსტაფაევი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რაჰმან მუსტაფაევის დაბარება ბაქოში "არამეგობრულ ქმედებებსა და ჟურნალისტების უკანონო დაკავებას უკავშირდება".

30 ივნისს ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც Sputnik-ის აზერბაიჯანის ოფისში მუშაობდნენ.

კრემლისტური მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსი დიპლომატები ჟურნალისტებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.


29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები