რუსული რეჟიმი

EU საერთაშორისო სამართალს არღვევს - პაპუაშვილი დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზოს შეჩერებაზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. 

"არის 11 ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ესეც ევროკავშირის სირცხვილია. 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ხელშეკრულება დაიდო [...] ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტით ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, საქართველოს დიპლომატიური პასპორტით კი ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ.

საერთაშორისო ხელშეკრულებაში ყველაფერი გაწერილია - მათ შორის, გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს მისი მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი დღეს სახეზე არ არის. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და არ არსებობდა, რომ რომელიმე ქვეყანას ამ ხელშეკრულების მოქმედება შეეჩერებინა. აქედან დასკვნაა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აჰყვა, საერთაშორისო სამართალს არღვევს. პრობლემა რაშია - ევროკავშირი საერთაშორისო სამართალს არღვევს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

27 იანვარს, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა

დღეს, 30 ივნისს, გამოცემა ევროსკოპმა დაწერა, რომ მათი ინფორმაციით, "დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული (საბჭოს გადაწყვეტილება იმპლემინტირებული) აქვთ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთი(მარტიდან), ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. შვედეთი აგვისტოდან.

კომენტარები