ივანიშვილის პარლამენტი

კომიტეტმა გახარია-საქართველოსთვის წევრებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარტია გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

ამ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ გახარია-საქართველოსთვის საპარლამენტო სიის პირველ 12 ნომერს - გიორგი გახარიას, ნათია მეზვრიშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, კახაბერ ქემოკლიძეს, ზვიად ძიძიგურს, ზაზა თავაძეს, ანა ბუჩუკურს, ბერდია სიჭინავას, როინ ქოჩორაშვილს, ბექა ლილუაშვილს, თეონა აქუბარდიასა და ლევან გოგიჩაიშვილს.

"ისინი პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდნენ და როგორც რეგლამენტში წერია, თუ პარლამენტის წევრი მომდევნო სესიის ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით აცდენს, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგება". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის, პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი - გიორგი გახარიას პარტია (ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები) 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს - ასევე, გახარია - საქართველოსთვისს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ივანიშვილის პარლამენტში განცხადება არ შეუტანია. 

კომენტარები