ირანის ბირთვული პროგრამა

IAEA-ს ხელმძღვანელი: ირანს ურანის გამდიდრების გაგრძელება რამდენიმე თვეში შეეძლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის, რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება შესაძლოა რამდენიმე თვეში გააგრძელოს. მისი თქმით, აშშ-სა და ისრაელის დარტყმებს ბირთვული პროგრამის "სერიოზული", თუმცა არა "ტოტალური" დაზიანება მოჰყვა.

გროსიმ CBS New-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს აშკარად აქვს ბირთვული ობიექტების განახლების შესაძლებლობა. მისივე თქმით, ამ ობიექტების დაზიანება "ტოტალური" არაა, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომ დაწესებულებები "სრულად განადგურდა".

"შესაძლებლობები, რომლებიც გააჩნიათ, არსებობს. მე ვიტყოდი, რომ მათ შეუძლიათ რამდენიმე თვეში, გამდიდრებული ურანის გამომმუშავებელი ცენტრიფუგების რამდენიმე კასკადი აამუშაონ, უფრო მცირე დროში თუ არა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, გულწრფელად რომ ვთქვა, შეუძლებელია მტკიცება, რომ ყველაფერი გაქრა და აღარაფერი დარჩა." - თქვა გროსიმ.

გროსიმ ხაზი გაუსვა, რომ IAEA ირანში ამჟამად არ საქმიანობს და ვერ აფასებენ ადგილზე არსებულ სიტუაციას, თუმცა სადაზვერვო ცნობებით, ირანს ურანის გამდიდრების შესაძლებლობები კვლავ გააჩნია.

"ჩვენ იქ არ ვართ, არ ვაკეთებთ არანაირ სამხედრო შეფასებას, მაგრამ, ცხადია, რომ სერიოზული დაზიანება მიადგა, მაგრამ ეს არაა ტოტალური დაზიანება. მეორეც, ირანს იქ გააჩნია შესაძლებლობები, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ასე რომ, თუ მოინდომებენ, შეძლებენ ამის ხელახლა დაწყებას." - თქვა გროსიმ და დაამატა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება.

კომენტარები