27 ივნისს აშშ-ს შუამავლობით რუანდამ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად გამართულ ცერემონიაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუანდის ჯარებმა 2024 წლის შეთანხმების ფარგლებში აღმოსავლეთ კონგო 90 დღის ვადაში უნდა დატოვონ.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმის ამოქმედებას 90 დღის ვადაში დაიწყებენ.
"მათ ეს კონფლიქტი წლებია აქვთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ომია, რაც კი ოდესმე ვინმეს უნახავს და უბრალოდ გამიმართლა, რომ მყავდა ადამიანი, რომელმაც მისი დარეგულირება შეძლო". - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აღნიშნული შეთანხმებით აშშ კონგოს ტერიტორიაზე მინერალურ რესურსებზე უფლებებს იღებს.
რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლივიე ნდუჰუნგირეჰემ შეთანხმებას გადამწყვეტი მომენტი უწოდა. კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერეზ კაიიკვამბა ვაგნერმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმებას ძალების დაშორიშორება უნდა მოჰყვეს.
ტრამპმა მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრები ოვალურ ოფისში მიიღო და რუანდისა და კონგოს პრეზიდენტებისადმი ვაშინგტონში მიპატიჟების მოსაწვევები გადასცა.
ნდუჰუნგირეემ ტრამპს უთხრა, რომ წარსულში მიღწეული შეთანხმებები არ შესრულებულა და აშშ-ს პრეზიდენტს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
ტრამპის თქმით, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მკაცრი ფინანსური და სხვა სახის სანქციები ამოქმედდება.





