რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის თქმით, რუსეთი სტამბოლის მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზადაა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მზადაა, რომ სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართოს. ამის შესახებ მან ბელარუსში ვიზიტის დროს ისაუბრა.

მან დაამატა, რომ საჭიროა დროისა და ადგილის შეთანხმება.

"როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული და უკრაინული მემორანდუმები იყო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მემორანდუმი, მაგრამ მოლაპარაკებები დაახლოების გზების მოსაძებნად იმართება... ჩვენ შევთანხმდით, რომ, ამ სტადიის დასრულების შემდეგ, გავმართავდით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს. მთლიანობაში, ამისთვის მზად ვართ. საჭიროა დროისა და ადგილის შეთანხმება. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ინარჩუნებს ამ პროცესის მხარდამჭერს პოზიციას. მზად ვართ ასეთი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ." - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით ორივე მხარის დელეგაციების ხელმძღვანელებს ერთმანეთთან მუდმივი კავშირი აქვთ და ახლა მომდევნო შეხვედრის ზუსტი თარიღის ჩანიშვნაზე მუშაობენ.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს.

"მე ყოველთვის მზად ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შესაძლო შეხვედრაზე. მე, როგორც ის, ვთვლი, რომ საჭიროა მსგავსი შეხვედრების დაგეგმვა. შედეგად თანამშრომლობის ახალ დონეს უნდა მივაღწიოთ." - თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, ტრამპს "გულწრფელად სურს საკითხის მოგვარება".

"მცირე ხნის წინ მან განაცხადა, რომ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა. ასეც არის. აქ განსაკუთრებული არაფერია. ერთია შორიდან ყურება და მეორეა პრობლემაში ჩართულობა. მგონია ახლო აღმოსავლეთშიც ასეა." - თქვა პუტინმა.

2 ივნისის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილებისა და დაავადებული სამხედროების "ყველა ყველას სანაცვლოდ" ტიპის გაცვლაზე შთანხმდნენ.

26 ივნისს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მომდევნო რაუნდის თარიღი მას შემდეგ დაინიშნებოდა, რაც ტყვეების გაცვლა დასრულდებოდა.

აქამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმაროვმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების შემდეგ უკრაინული დელეგაცია წამოჭრიდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის საკითხს.

გასულ დღეებში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ტრამპი მზადაა მოლაპარაკებებს დაესწროს, თუ პუტინი მასში მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარები