რუსული რეჟიმი

სააპელაციომ ნინო დათშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა – PHR

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR] ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შესახებ. 

ორგანიზაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 23 ივნისს გაასაჩივრა.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, შეიცავს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან და აბსტრაქტულ მსჯელობას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არსებობს "დანაშაულებრივი" საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თუმცა, აღნიშნულ საფრთხეებს ფაქტობრივი გარემოებებით ვერცერთი ინსტანცია  ადასტურებს.

სააპელაციო საჩივარში PHR-მა მიუთითა ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებდა, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არ არსებობდა "დანაშაულებრივი" საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იყო უკანონო.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან იმდენად მაღალია მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამცირებს მითითებულ რისკებს და გავლენას ვერ ახდენს პატიმრობის მართლზომიერებაზე. კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საფრთხეებზე, განჩინებაში მითითებული არ არის.

PHR საჩივარში უთითებდა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად უდანაშაულო ქალი იმყოფებოდა პატიმრობაში. ასევე, PHR-მა მოითხოვა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რადგან სასამართლო პროცესზე, ნინოს თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ არ განმარტა მისთვის გირაოს გამოყენებაზე უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებზე არ მსჯელობს". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები