სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პატრიარქ-კათალიკოსი, გარეგინ II თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
"რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც უქორწინებლობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, ეკლესიის სახელით ისაუბროს. ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს". - წერს ფაშინიანი.
გუშინ, სომხეთში საპროტესტო მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერს ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.
ფაშინიანის მთავრობასა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა 2020 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ეკლესიამ ყარაბაღის ომში და ომის შემდგომ პერიოდში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა. გასული წლის გაზაფხულზე კი სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უძღვებოდა წინ.
კერძოდ, გალსტანიანი საპროტესტო აქციებს სათავეში 19 აპრილს შემდეგ ჩაუდგა, როდესაც სომხეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს ტავუშის ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთზე კონტროლის დაბრუნების უფლებას მისცემდა.
აღსანიშნავია, რომ აქციების დროს პატრიარქმა გალსტანიანი საეპარქიო მოვალეობებისგან გაათავისუფლა და საეკლესიო წოდებაც შეუნარჩუნა, რამაც მთავრობაში უკურეაქცია გამოიწვია. ფაშინიანის მთავრობამ ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვის პროცესი დაიწყო.
30 მაისიდან მოყოლებული კი ფაშინიანმა Facebook-ზე არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც იგი სომხეთის პატრიარქ-კათალიკოსს, გარეგინ II-ეს, უქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში სდებდა ბრალს და მას საეკლესიო სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
"წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს," წერდა სომხეთის პრემიერი ერთ-ერთ პოსტში.
ამასთანავე, ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს პატრიარქის არჩევაში.
"სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათალიკოსის არჩევაში. კათალიკოსის არჩევის კანდიდატებმა უნდა გაიარონ წარსულის შემოწმება. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს," დაწერა მან.
8 ივნისს გავრცელებულ პოსტში კი ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ხალხს ეკუთვნის და დაამატა, რომ "ეკლესია ხალხს უნდა დაუბრუნდეს".
"სახელმწიფო (ხელისუფლება) ხალხს ეკუთვნის. ეკლესია ხალხს ეკუთვნის. ჩვენ სახელმწიფო (ხელისუფლება) ხალხს დავუბრუნეთ. ეკლესიაც უნდა დავუბრუნოთ ხალხს." - დაწერა მან.





