ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის პარლამენტი IAEA-სთან თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავს

Joe Klamar/AFP

ირანის პარლამენტი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავს. ინფორმაციას Reuters ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს

"ჩვენ, პარლამენტში, ვცდილობთ კანონის მიღებას, რომელიც შეწყვეტს ირანის თანამშრომლობას IAEA-სთან მანამ, სანამ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პროფესიონალური ქცევის ობიექტური გარანტიები გვექნება". - Reuters-ის ცნობით, თქვა ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაქერ ქალიბაფმა. 

პარლამენტის სპიკერმა ტრადიციულად გაიმეორა, რომ ირანი ბირთვული იარაღის განვითარებას არ ცდილობს. 

"მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ატომური ენერგიის სააგენტოს არ შეუსრულებია არცერთი თავისი ვალდებულება და გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი". - დაამატა ქალიბაფმა. 

ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშის მიხედვით ამავდროულად, მედიაში 31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის 17 მაისის მდგომარეობით, ირანი ფლობს 408.6 კილოგრამ ურანს, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული. 

ეს ნიშნავს იმას, რომ თებერვლის შემდეგ თეირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი 133.8 კილოგრამით გაზარდა. IAEA-ს მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმ დროს ირანის მარაგი 274.8 კილოგრამს შეადგენდა.

როგორც Associated Press წერს, მხოლოდ მცირე ტექნიკური პროცესია საჭირო, რათა თეირანმა დაგროვებული ურანი 90%-მდე გაამდიდროს, რითიც შემდგომ ბირთვული იარაღის დამზადება შეეძლება. 

კომენტარები