უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის განცხადების გათვალისწინებით რიგი გადაწყვეტილებები და სამომავლო ზომები გამოაცხადა, მათ შორის, საკადრო ცვლილებები. მისივე თქმით, უკრაინამ რიგი გადაწყვეტილებები მიიღო "რუსი მკვლელების გულწრფელობის გათვალისწინებით, რომლებიც აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ".
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ პუტინის განცხადებაზე რეაქცია პარტნიორებთან ერთად ექნებათ და "როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს", ამას შესაბამისად აღიქვამენ.
"გუშინ ყველამ მოისმინა რუსეთის მეთაურის გზავნილები. ყოყოჩობაა ეს თუ სიგიჟე, ამის ახსნა ყველანაირად შეიძლება, მაგრამ როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს, ამას შესაბამისად აღვიქვამთ და რეაქცია პარტნიორებთან ერთად გვექნება. ვიმედოვნებ, ყველა პარტნიორთან ერთად.
გუშინ პუტინმა ბენეფისი მოაწყო, მათ შორის, აშშ-სთვისაც. აბსოლუტურად გულწრფელად ლაპარაკობდა. დიახ, მას მთლიანი უკრაინა სურს და ეს სურს არა ბოლო ოთხი წელია, არც 2014 წლიდან, არამედ დიდი ხანია, ის თავად არის ჩამოყალიბებული ამგვარად რუსული იმპერიალიზმის გამო". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციების მისაღწევად ახალ ზომებს მიიღებენ და უკრაინის შიგნით სანქციებზე მუშაობასაც ააქტიურებენ. მისივე თქმით, ყველა ტიპის უკრაინულ დრონში მეტ რესურს დახარჯავენ და დიპლომატიურ კორპუსში და დაწესებულებების მართვის პოზიციებზე საკადრო ცვლილებებს შეიტანენ.
"პირველი: მივიღებთ ახალ საერთაშორისო ზომებს რუსეთის წინააღმდეგ რეალურად საგრძნობი საერთაშორისო სანქციების მისაღწევად. ვიცით საერთაშორისო სანქციების ყოველი სამიზნე. დავალება გავეცი გლობალურ კორპორაციულ სექტორთან ცალკე მუშაობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათთან დაკავშირებით, ვინც მსოფლიოსთან რუსეთის ენერგეტიკისა და თავდაცვის მრეწველობის კავშირს ინარჩუნებენ.
ასევე ვააქტიურებთ სანქციებზე მუშაობას უკრაინაში - შიდა ზომებს, რათა ყველამ, ვინც ისევ ეხმარება რუსეთს ან რაიმე სახით მასთან თანამშრომლობს ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბიზნესს ინახავს, ყველა ადამიანმა იგრძნოს, რომ ეს აბსოლუტურად დანაშაულებრივი საქმიანობაა. სამართლიანობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მათ შორის, შიდა გადაწყვეტილებებით.
მეორე: მეტ რესურს მივმართავთ ჩვენს ყველა ტიპის დრონში, Deep Strike-ებით დაწყებული ფრონტზე რუსული ფეხებისგან კონკრეტული დაცვით დასრულებული.
მესამე: შევცვლით გარკვეულ საკადრო პოზიციებს, კერძოდ, უკრაინის დიპლომატიურ კორპუსში და ასევე დაწესებულებების მართვაში, რათა გავზარდოთ უკრაინის პოტენციალი პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ასევე პოტენციალი უკრაინის შიდა მედეგობის თვალსაზრისით. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, ამ ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნებს ერთ თვეში გავაკეთებთ, მათ შორის, ყველა უკრაინელ ელჩთან შეხვედრის ფორმატის ფარგლებში". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "ახლა რუსეთზე ახალი ზეწოლისთვის განსაკუთრებული ზომების თვეა".
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის მიცემული დღევანდელი დავალების დეტალები საჯარო არ არის. ცალკე იქნება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები, ისინი უკვე მზადდება. ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში შეგატყობინებთ იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ უკრაინელი დიპლომატები ჩვენი უკრაინული ამოცანების მისაღწევად". - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გუშინდელი განცხადების პასუხად თქვა, რომ უკრაინა თავს დაიცავს და "რუსი ოკუპანტის ყოველ ფეხზე" უკრაინულ დრონს იპოვიან.
"რა თქმა უნდა, რუსი ოკუპანტის ყოველ ფეხზე უკრაინულ დრონს ვიპოვით. რა თქმა უნდა, უკრაინა საკუთარ თავს დაიცავს. ყველას ცხადად გვესმის, რომ საკითხი უკრაინის დამოუკიდებლობას ეხება - ეს საკითხი უკრაინელების გადარჩენას ეხება. ამ წლებში, პუტინის დროს, რუსები უფრო შორს წავიდნენ, უფრო შორს, ვიდრე გულაგები და სხვა მრავალი რამ, რაც იყო". - თქვა ზელენსკიმ
- პუტინი: ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ჩვენია
- პუტინი: რუსი და უკრაინელი ერი ერთი ერია, ამ მხრივ მთელი უკრაინა ჩვენია
გუშინ, 20 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ "ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს", რუსეთს ეკუთვნის. მისივე მტკიცებით, რუსი და უკრაინელი ერი "სინამდვილეში ერთი ერი" არის და "ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა" რუსეთს ეკუთვნის.





