უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გუშინდელ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.
ზელენსკის თქმით, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ადგილი, "სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს", რუსეთს ეკუთვნის, ეს "ბელარუსს, ბალტიის ქვეყნებს, მოლდოვას, კავკასიას" და სხვა ქვეყნებსაც ეხება, "სადაც რუსმა მკვლელებმა შეიძლება მიაღწიონ".
მისივე თქმით, პუტინისთვის მისი "ძალაუფლება სრულდება იქ, სადაც რუსი მკვლელების შესაძლებლობები სრულდება".
"გუშინ ყველამ მოისმინა რუსეთის მეთაურის გზავნილები. ყოყოჩობაა ეს თუ სიგიჟე, ამის ახსნა ყველანაირად შეიძლება, მაგრამ როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს, ამას შესაბამისად აღვიქვამთ და რეაქცია პარტნიორებთან ერთად გვექნება. ვიმედოვნებ, ყველა პარტნიორთან ერთად.
გუშინ პუტინმა ბენეფისი მოაწყო, მათ შორის, აშშ-სთვისაც. აბსოლუტურად გულწრფელად ლაპარაკობდა. დიახ, მას მთლიანი უკრაინა სურს და ეს სურს არა ბოლო ოთხი წელია, არც 2014 წლიდან, არამედ დიდი ხანია, ის თავად არის ჩამოყალიბებული ამგვარად რუსული იმპერიალიზმის გამო.
როდესაც ის უკრაინაზე საუბრობს და კიდევ რაღაცას ამბობს რუსი ჯარისკაცების ფეხებზე, ის ასევე საუბრობს ბელარუსზე, ბალტიის ქვეყნებზე, მოლდოვაზე, კავკასიაზე და ისეთ ქვეყნებზეც, როგორებიცაა ყახაზეთი და ყველა ადგილზე მსოფლიოში, სადაც რუსმა მკვლელებმა შეიძლება მიაღწიონ. პუტინის ძალაუფლება სრულდება იქ, სადაც რუსი მკვლელების შესაძლებლობები სრულდება". - თქვა ზელენსკიმ.
- პუტინი: ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ჩვენია
- პუტინი: რუსი და უკრაინელი ერი ერთი ერია, ამ მხრივ მთელი უკრაინა ჩვენია
გუშინ, 20 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ "ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს", რუსეთს ეკუთვნის. მისივე მტკიცებით, რუსი და უკრაინელი ერი "სინამდვილეში ერთი ერი" არის და "ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა" რუსეთს ეკუთვნის.





