ივანიშვილის დეპუტატი, თორნიკე ჭეიშვილი "ოქსიმორონების კრებულს" უწოდებს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას, რომელმაც ქართულ ოცნებას მოუწოდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს.
"დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არ არის პირველი უკანასკნელ დღეებში. რამდენიმე დღის წინაც ვიხილეთ ერთ-ერთი განცხადება. საერთო ჯამში, ალბათ შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის ოქსიმორონების ერთგვარი კრებული, რომელიც, არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს საინტერესო თუნდაც ვინმეს მიერ გამოსაცემად, იმდენად უხეირო ხასიათი აქვს შესაბამის, ასე ვთქვათ, პოსტულატებს, რაც იქ არის შემოთავაზებული". - განაცხადა ჭეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რაც შეეხება ეუთო/ოდირის მისიის მოწვევას, ჭეიშვილი ამბობს იმავეს, რაც ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზოგადი პრაქტიკით ეუთო/ოდირი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება.
"რაც შეეხება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საკითხს დღეს უკვე ჩვენი ლიდერების მიერ მკაფიოდ იქნა განმარტებული, იმის თაობაზე, თუ როდის ხდება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევა შესაბამის არჩევნებზე. ეს ტრადიციულად არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან". - თქვა ჭეიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე რომ ეუთო/ოდირი 2021 წელის და 2017 წლის საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა, ჭეიშვილმა თქვა, რომ ორივე შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებულ კონტექსტს ატარებდა: "2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლამის საპარლამენტო არჩევნების დატვირთვაც კი გააჩნდა" - თქვა ჭეიშვილმა.
"ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დავასრულეთ ეს დემოკრატიული ტრანზიცია და ჩვენ შევდექით, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების იმავე კონტექსტში განხილვა, რაც იყო თუნდაც, იმავე 2017 წელს, შეუძლებელია". - ამბობს ჭეიშვილი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების [ISFED] განცხადებით, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა.
ირაკლი კობახიძემ 18 ივნისს განაცხადა, რომ "ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით". ივანიშვილს წარმომადგენელი აღნიშნულს ზოგადი პრაქტიკით ხსნის.
"რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან". - თქვა კობახიძემ.
18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართული ოცნების წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ბრიტანეთი ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მთავრობა თავად უჭერდა მხარს აღნიშნულ აქტივობებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია" . - დაწერა საელჩომ.
ცნობისთვის, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.
საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".
ტაბულამ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა, რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა.
ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის წარმოამდგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბირტანეთის საელჩო და ელჩი გარეთ უორდს ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში დაადანაშაულა და უორდისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.
პაპუაშვილის განცხადებით, ტაბულა პროპაგანდის გავრცლებას ემსახურება, რომ ის "პარტიული კედლის გაზეთია". ივანიშვილის წარმოამდგენელი ამბობს, რომ "სულ ფიქრობდა, თუ ვინ აფინანსებდა ტაბულას".
გარდა ამისა, პაპუაშვილმა ელჩს გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის არჩევნებში ჩარევაში.





