ისრაელის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, 13 ივნისს ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
საგანგებო დახმარების სააგენტოს ცნობით, თელ-ავივის სამხრეთით მდებარე რიშონ ლეციონში, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მომხდარ სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 დაშავდა.
მესამე ადამიანი თელ-ავივის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რამათ განში იარაღის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.





