ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, რომელმაც გვარამიას გირაო პატიმრობით შეუცვალა, წლების წინ, ნასამართლევია.
"ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სამსახურებრივ დანაშაულზე წლების წინ ნასამართლევია [...] რამდენადაც ვიცით, საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე და ეს ფაქტი, დაახლოებით, 19 წლის წინ უნდა იყოს მომხდარი [...]
ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია, რადგან მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსული მითითებების შესრულებას წინააღმდეგობა გაუწიოს". - თქვა საძაგლიშვილმა ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ.
დღეს, 13 ივნისს, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.
გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით სწორედ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ გვარამიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.
გვარამია პროცესზე არ მივიდა და სხდომის პარალელურად, რუსთავის ციხისკენ თავად წავიდა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.





