თემურ ქათამაძის საქმე

დარახველიძე ქათამაძეზე: მან არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით

თემურ ქათამაძე სასამართლო პროცესზე, 18 მარტი 2025 წელი 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბათუმში აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ისტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად" - განაცხადა დარახველიძემ მედიასთან. 

"ვერაგულად, ღამე გადაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე". - წერს ქათამაძის ცოლი, ნინო კაკულია სოციალურ ქსელში.


ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

კომენტარები