10 ივნისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა. რუსეთმა, მათ შორის, კიევს, ოდესასა და დნეპროპეტროვსკს შეუტია.
უახლესი ცნობებით, ოდესაზე იერიშის შედეგად 2 კაცი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანდა სამოქალაქო შენობები, მათ შორის სამშობიარო, სასწრაფო დახმარების ცენტრი და საცხოვრებელი სახლები. ამასთან, ხანძარი შეინიშნა ოდესის ზოოპარკშიც.
ახლანდელი ინფორმაციით, ქალაქ კიევში იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და არასაცხოვრებელი შენობები. ამასთან, თავდასხმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ცეცხლი წაეკიდა ავტომობილებს და ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებსაა და სხვა შენობებში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკო შუაღამის შემდეგ წერდა, რომ კიევში რუსული დრონების მოსაგერიებლად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იყო ამოქმედებული.
გარდა ამისა, რუსეთმა იერიში მიიტანა კიევის ოლქზეც. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშკინის ცნობით, ოლქის ოთხ რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები და ცეცხლი წაეკიდა ავტომობილებს.
დრონებითა და არტილერიით იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში 2 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ხაზები, გარაჟი და ავტოსერვისის შენობა.
იერიშთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმას არ ახსენებს და ირწმუნება, რომ რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების აეროდრომებზე მიიტანა იერიში. რუსული მხარე წერს, რომ ეს თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე უკრაინის იერიშის პასუხია.
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".





