8 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული გვარდიის 2,000 წევრი ლოს-ანჯელესში გაგზავნა, მას შემდეგ რაც ქალაქში აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტი არეულობაში გადაიზარდა.
"ამ რადიკალურ მემარცხენე პროტესტებს, რომლებიც ორგანიზებულია აგიტატორებისა და ხშირად დაქირავებული არეულობის მომწყობების მიერ, არ მოვითმენთ. ასევე, ამიერიდან, პროტესტებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რას მალავენ ეს ადამიანები და რატომ??? კიდევ ერთხელ მადლობა ეროვნული გვარდიის წევრებს კარგად შესრულებული საქმისთვის!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება "განზრახ პროვოკაციად" შეაფასა. მან X-ზე დაწერა, რომ ტრამპი ეროვნული გვარდიის გამოყენებას "არასამართლიანად, უბრალოდ შოუსთვის" გეგმავს და დაამატა: "ნუ მისცემთ მათ შოუს მოწყობის საშუალებას. არასოდეს გამოიყენოთ ძალადობა. გამოხატეთ პროტესტი მშვიდობიანად".
პროტესტი 7 ივნისს დაიწყო, როდესაც ICE-მა ქალაქის მასშტაბით 44 პირი დააკავა, რომლებიც მათი ინფორმაციით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
Reuters აღნიშნავს, რომ 7 ივნისს გავრცელებული ადგილობრივი ტელევიზიის კადრებში ჩანდა სამხედრო სატრანსპორტო მანქანების მსგავსი ავტომობილები, რომლებიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ICE-ის აგენტებით იყო სავსე. გამოცემის მიხედვით, ავტომობილები ლოს-ანჯელესის ქუჩებში ICE-ის ოპერაციის ფარგლებში გადაადგილდებოდნენ.
ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა, ICE-ის ოპერაცია მკაცრად გააკრიტიკა.
"ღრმად აღშფოთებული ვარ იმით, რაც მოხდა. ჩვენს საზოგადოებებში ამგვარი ტაქტიკა შიშს თესავს და ჩვენს ქალაქში უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. ამას არ დავუშვებთ" - თქვა ბასმა.
7 და 8 ივნისს, ICE-ის თანამშრომლებსა დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერ-ჯერობით, დაკავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში დაიმუქრა, რომ თუ ლოს-ანჯელესში ძალადობა გაგრძელდებოდა, პენტაგონი მოქმედი სამხედროების მობილიზებისთვის იყო მზად და აღნიშნა, რომ კემპ პენდლტონის საზღვაო ქვეითები "მაღალი მზადყოფნის" რეჟიმში იმყოფებიან.
ნიუსომმა ჰეგსეტის განცხადება, რომ შესაძლოა საზღვაო ქვეითები აშშ-ს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყვანონ, "შეშლილ ქცევად" მოიხსენია.
Reuters აღნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, უცხოეთში, ესპანურენოვან ქვეყნებშია დაბადებული.





